X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ევროპის ჩემპიონატისთვის სპორტული ინფრასტრუტურა უეფას სტანტდარტების შესაბამისად მოეწყობა

26 აპრილი 2022

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უეფას 21  წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს''-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში, თამაშები გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში.პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

მთავრობის განკარგულებით, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

მინისტრის განცხადებით, როგორც სათამაშო, ასევე სავარჯიშო მოედნები იქნება უეფას  შესაბამისი სტანდარტების მიხედვით გაკეთებული, რომელიც ითვალისწინებს როგორც საინჟინრო ასევე საფარის, სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის არსებობას და შესაბამისი სტანდარტებით განვითარებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძლობას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმოჩენას. ამასთან, ჩემპიონატის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას კიდევ უფრო დაეხმარება და მომავალში არაერთი საერთაშორისო დონის ღონისძიების შესაძლებლობას შექმნის.

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება.